ვებ-პროექტების დაგეგმვა

ვიდრე ამა თუ იმ ინტერნეტ-პროექტის განხორციელებას დავიწყებთ, იგი კარგად უნდა დავგეგმოთ. რატომ არის დაგეგმვა მნიშვნელოვანი?

  • უპირველესად ის გვეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში- ჩვენ თვითონ შევძლებთ ამ ვებ-პროექტის განხორციელებას თუ სხვების დახმარება დაგვჭირდება- დეველოპერების , დიზაინერების და ა.შ;
  • დაგეგმვით თავიდან ავიცილებთ შესაძლო გაუგებრობას - ხშირად იმის გამო რომ არ გვაქვს ნათელი ხედვა, თუ რისი შექმნა გვსურს  ამის გამო დეველოპერები  თავიანთი შეხედულებით ქმნიან ამა თუ იმ ფუნქციას, რომელიც დამკვეთის მიზნებს შესაძლოა არ ემთხვეოდეს;
  • კარგად დაგეგმვა გვეხმარება ბიუჯეტის სწორად შედგენასა და შემდგომში ვებ-პროექტის კარგად ფუნქციონირებაში.

რა უნდა გავითვალისწინოთ ვებ-პროექტის დაგეგმვისას

ყველა პროექტი და იდეა ინდივიდუალურია, შესაბამისად მათი გეგმაც სპეციფიკური იქნება.

  • მიზანი: რატომ გვინდა ამ პროექტის შექმნა ? რა არის ჩვენი მომავალი საიტის მიზანი? 
  • აუდიტორია: ვისთვისაა ეს პროექტი განკუთვნილი?  ვიწრო წრისთვის,  ქალაქის/ ქვეყნის აუდიტორიისთვის, თუ ჩვენი აუდიტორია უფრო დიდი და გლობალური იქნება ?  რა ასაკისა და ინტერესების მქონე მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი;
  • კონტენტი: როგორი ინფორმაციის მოპოვებას და განთავსებას ვგეგმავთ ჩვენს ვებ-გვერდზე: მოკლე ახალი ამბების, სტატიების, ვიდეოს, ფოტოს, კოპირაიტერის  მიერ შექმნილი კონტენტის? 
  • რესურსები: როგორია ჩვენი ბიუჯეტი? რამდენი ადამიანი იმუშავებს საიტზე? დღეში, კვირაში ან თვეში  რა რაოდენობის კონტენტი გამოქვეყნდება?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგვეხმარება პროექტის განხორციელებაში. 
კარგი დაგეგმვა და ჯეროვნად განხორციელება არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში არ დაგვჭირდება ვებგვერდის დიზაინის განახლება.  ამის საჭიროება აუცილებლად დადგება, რადგან მომხმარებელს მუდმივად სჭირდება სიახლე. გარდა ამისა, ცვლილების აუცილებლობის მიზეზი ზოგჯერ ახალი, ტექნოლოგიური გამოწვევები ხდება.

ავტორი: ვ. მენთეშაშვილი