როგორ უნდა დავწეროთ ახალი ამბების რელიზი?

31 July 2016 PR & Copywriting

ერთერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც კარგ წერით (ე.წ. კოპირაიტინგის) უნარებს მოითხოვს არის ახალი ამბების რელიზი.მისი მთავარი დანიშნულება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. ამ დოკუმეტით თქვენ მხოლოდ ჟურნალისტთან არა ამყარებთ ურთიერთობას, არამედ ჟურნალისტი თქვენთვის ხდება საშუალება თქვენი მთავარი სათქმელი ფართო აუდიტორიას მიაწოდოთ, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს თქვენი ახალი ამბების რელიზი. ახალი ამბების წერას კი თავისი წესები აქვს, პირველ რიგში, ზუსტად უნდა იცოდეთ რა არის ის მთავარი სათქმელი, რაც გინდათ, რომ აუდიტორიას მიაწოდოთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ ვინ არის ის აუდიტორია, ვისთვისაც წერთ და მთავარი, თქვენს ახალი ამბების რელიზში მკაფიოდ უნდა ჩანდეს რა არის ის სარგებელი საზოგადოებისთვის, რასაც თქვენ სიახლით სთავაზობთ. ჟურნალისტი თქვენს გაგზავნილ რელიზს ეცნობა და მის საფუძველზე ან დაწერს თქვენზე სტატიას ან არა, ან მოამზადებს სიუჟეტს ან არა, ამიტომ, გახსოვდეთ, რომ ჟურნალისტები რელიზის შემოკლებას ბოლოდან იწყებენ, შესაბამისად, პირველ აბზაცში მოკლედ უნდა იყოს მოცემული არსებითი ნაწილი, მომდევნო აბზაცები დაღმავალი ხარისხით უნდა შეიცავდეთ მნიშვნელოვან დეტალებს. პირველ აბზაცში ინფორმაცია გაწერეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემით

  • ვინ?
  • რა?
  • სად?
  • როდის?
  • რატომ?
  • როგორ?

თუ ჟურნალისტმა პირველ სამ /ოთხ ხაზში ვერ აღმოაჩინა ვერაფერი საინტერესო ასეთ რელიზს არ გამოიყენებენ

ასევე, გაითვალისწინეთ ზოგადი პრინციპები, რომელიც გამოგადგებათ ახალი ამბების რელიზების წერისას:

  • მოკლე ტევადი სათაურები და ქვესათაურები, სადაც ხაზგასმული იქნება მთავარი სათქმელი
  • არ აღწეროთ პროდუქტი ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორიც არის „უნიკალური“ - კონკრეტული მაგალითები
  • თუ პროდუქტი/კომპანია არ არის საყოველთაოდ აღიარებული არ გაუსვათ  ხაზი თქვენი კომპანიის  სახელს სათაურში -- ყურადღება თავად სიახლეზე გაამახვილეთ
  • ილაპარაკეთ სიახლეზე - რა გავლენას მოახდენს  თქვენს მიერ  გაცხადებული სიახლე თქვენს დარგზე
  • კრიტიკულად შეაფასეთ თქვენს მიერ დაწერილი ტექსტი: „ვის დააინტერესებს ეს და რატომ?“
  • არ გამოიყენოთ არაფრის მთქმელი ციტატები, წერეთ ისე როგორც ჩვეულებრივ ლაპარაკობენ

ყურადღება გაამახვილეთ წვრილ-წვრილ სპეციფიკურ დეტალებზე, ადამიანების, ადგილების აღწერაზე, მაგრამ ნუ  გადაიჭრებით პოეზიაში